მთლიანობაში იკვეთება ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთავრობა აპირებს 2021 წელს 5 მილიარდ ლარზე მეტი ახალი სესხის აღებას – ბადრი ჯაფარიძე

მიუხედავად იმისა რომ მთავრობის ანგარიშის მიხედვით თითქოს მიღწევები გვაქვს, ჩვენ უნდა ვთქვათ პირიქით, რომ ყველა მხრივ გვაქვს სერიოზული გამოწვევები – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელიმადა გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში მთავრობის ანგარიში მათ მიერ იქნება უკიდურესად კრიტიკულად შეფასებული.

„პარლამენტში მთავრობის ანგარიში შემოვიდა, რომელიც ჩვენს მიერ იქნება უკიდურესად კრიტიკულად შეფასებული, მიუხედავად იმისა რომ ამ ანგარიშის მიხედვით თითქოს მიღწევები გვაქვს, ჩვენ უნდა ვთქვათ პირიქით, რომ ყველა მხრივ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, რომ მთავრობის ასეთი ცუდი საქმიანობის დროს ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება.
ყოველ წელს საჯარო სექტორში ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ხელფასები შეადგენს 100-დან 150 მილიონ ლარს. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა საუბრობს გადახარჯვებზე, მათ შორის საწვავის მიმართულებით და რეაგირება არ ჩანს.

2019 წელთან შედარებით 2021 წელს შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში გაიზარდა 160 მილიონი ლარით.
მთლიანობაში იკვეთება ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთავრობა აპირებს 2021 წელს 5 მილიარდ ლარზე მეტი ახალი სესხის აღებას.
ეკონომიკა შარშან ძალიან შემცირდა და იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ადეკვატური ნაბიჯები გადადგმული, ბიუროკრატიული ხარჯების და მთავრობის ზომის შემცირება მომხდარიყო, ჩვენ პირიქით ვნახეთ, ეს ხარჯები იზრდება.

ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მთავრობის ზომის შემცირება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეფექტურობის გაზრდა არ არსებობს, ქვეყანა გადადის მაღალი ვალების მქონე ქვეყნების ჯგუფში, რადგან ამ წლის ბოლოს ვალის ოდენობა მიაღწევს 32,1 მილიარდ ლარს რაც ნიშნავს რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ზიანი საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე.
პარალელურად ჯანდაცვის პროგრამაზე არა საკმარისი თანხები იქნა გამოყოფილი და ამით აიხსნება ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამარცხვინო დაბალი ტემპი, არა საკმარისი მარაგების არსებობა და დაავადებულებში სიკვდილიანობის რეკორდული ზრდა. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში არის მცირე და მოქნილი მთავრობა, ასევე უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების და მთავრობის შემცირება,“ -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.