სამწუხაროდ, ოკუპაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს – რუსეთი აგრძელებს არალეგალურ ბორდერიზაციას – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 18-20 ივნისს მიმდინარე „ანტალიის დიპლომატიური ფორუმის“ ფარგლებში პანელურ თემაზე სახელწოდებით: „სამხრეთ კავკასია – რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“ სიტყვით გამოვიდა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო რუსეთის მიმართ კონსტრუქციულ მიდგომებსა და პოზიტიურ გზავნილებს იყენებს და მზად არის დეესკალაციისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი და დროული დისკუსიაა, რათა შევძლო ჩვენი ხედვის გაზიარება ამჟამად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ფაქტზე, რომ ამ დინამიურად ცვლად გარემოში უნდა ადავპტირდეთ და ვიმოქმედოთ გადამწყვეტად, რათა საგარეო უსაფრთხოების გამოწვევებს გავუმკლავდეთ. თქვენ აბსოლუტურად მართლები ხართ, რომ საქართველომ მიიღო ზიანი 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს რუსეთთან მომხდარი ომის გამო. სამწუხაროდ, ოკუპაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
დავაარსეთ ჟენევის საერთაშორისო დიალოგი, რათა დაგვეწყო საუბარი იმ საკითხებზე, სადაც შეგვიძლია რუსეთთან კონსენსუსის მიღწევა, მათ შორის ჰუმანიტარულ, ვაჭრობის და ადამიანებს შორის კონტაქტების თემებზე. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ ბორდერიზაციას და უფრო მეტიც, ყოველდღიურობის ნაწილია ეთნიკური ქართველების დაკავება. ბოლოს ეთნიკურად ქართველი გახელაძე უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის რეგიონის საპყრობილეში გადაიყვანეს. ეს მეტყველებს, როგორ პასუხობს რუსეთი საქართველოს მხრიდან გაკეთებულ პოზიტიურ სიგნალებს. ამის მიუხედავად, მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და თურქეთთან ერთად ვმსჯელობთ, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართულები ამ უნიკალურ რეგიონში, რომელსაც განვითარების უამრავი შესაძლებლობა აქვს, მათ შორის გეოპოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის კუთხით. უნდა ვეძებოთ რეგიონული თანამშრომლობა და მჯერა, ეს ჩვენი მეზობლებისთვისაც პრიორიტეტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.