ხატია დეკანოიძე – არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე “ოცნება” ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო დარჩეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე “ქართული ოცნება”  ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო დარჩეს.​ ამის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება მეტი დათმოს.

“ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ “ოცნებას” ბევრი რამ დავათმობინოთ. მაგრამ სწორედაც პირველი, როდესაც დაირღვა ეს შეთანხმება იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები. ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ ყველაზე ბოლო, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მათ შორის პოლიტსაბჭოზე და თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება დადგება, ეს იქნება ასევე პარტიის პოლიტსაბჭოზე განხილული გადაწყვეტილება.

აქვე მინდა დავამატო მნიშვნელოვანი რამ – მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის იმ შეთანხმების შესრულება, რომელსაც მიუერთდა თვითონ “ოცნება”, გარკვეულ წილად არის წითელი ხაზი და მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე “ქართული ოცნება” დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არცერთი შეთანხმების პუნქტი არ სრულდება და არ სრულდება ის მოლოდინები, რომელიც გვქონდა, მათ შორის იმ ოპოზიციას , რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ “ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.