გია ვოლსკი – მართვის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა, არის სადისტური, გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა

მართვის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა, არის სადისტური, გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა არსებობდეს, ხოლო სადისტური მმართველობა ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის ტოქსიკური უნდა იყოს.

„საერთოდ მართვის ის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა უნდა შეფასდეს ერთი მოკლე ფრაზით, ეს არის სადისტური მმართველობის სისტემა. ვინც ამას განიცდის და გრძნობს, რასაკვირველია, იგივე დამოკიდებულება აქვს ნებისმიერთან, ვინც მას პოლიტიკურად ეთანამშრომლება. გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა. მეორე საკითხია, რომ არსებობს მორალური ნაწილი ამ თემის და არსებობს საგანგებო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა დღეს, რა პერსპექტივა აქვს. სტაბილურობა აუცილებელია. გუშინდელი სადისტური მმართველობა არის თემა, რაც უნდა იყოს ტოქსიკური ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.