ანა ნაცვლიშვილი: „ახალი საარჩევნო კოდექსით მივაღწიეთ იმას, რომ მასში არის ბევრი ისეთი მექანიზმი რომელიც მეტად, ვიდრე ოდესმე დაარღვევს საარჩევნო მანიპულაციებს“

„საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების თვალსაზრისით მივაღწიეთ იმას, რომ მასში არის ბევრი ისეთი მექანიზმი რომელიც მეტად, ვიდრე ოდესმე დაარღვევს საარჩევნო მანიპულაციებს. ამ პროცესმა აჩვენა ყველაზე მნიშვნელოვანი – რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობით მივაღწიოთ გააუმჯობესებს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ – წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტზე მსჯელობა გრძელდება.

მისი თქმით, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, კვლავ რჩება ისეთი საკითხები, რომლებიც არის პრობლემური.

„ბოლომდე არ არის მიღწეული, პროფესიული წევრების შერჩევის გამჭირვალე და დამზღვევი მექანიზმი, პრობლემად რჩება კონსენსუსის არარსებობა 40%-თან და მეორე ტურებთან დაკავშირებით, პრობლემად რჩება ის რომ შეთანხმებაში ჩადებული ახალი მექანიზმი საკონსულტაციო ჯგუფის სახით, უფრო ფორმალური ხასიათისაა კანონის დღევანდელ რედაქციაში, ვიდრე არსებითი, ძლიერი, დასაყრდენი მექანიზმი და პრობლემად რჩება ქალთა მონაწილეობის მიმართ გადადგმული ძალიან ცუდი ნაბიჯი“, -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ჩააბარა ტესტი და მან აჩვენა, რომ მკაფიო პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ერთ სივრცეში მუშაობა შეუძლია. მისივე თქმით, ხელისუფლებამაც აჩვენა, რომ ეს შეუძლია თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია როგორ დაინერგება მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები.

„ჩვენ ვაფასებთ მიღწეულ წინგაგდადგმულ ნაბიჯებს. კანონი ეს არის მხოლოდ ერთი ეტაპი. მისი დანერგვა, პრაქტიკაში გამოყენება, კეთილსინდისიერი სარგებლობა მიღწეული უკეთესი ნორმებით, იქნება გადამწყვეტი იმ არჩევნების შეფასებისას, რომელიც წინ გველოდება. შევეჯიბროთ ერთმანეთს გაკეთებული საქმეებით, კომპეტენციით, ღირსებით და ხედვებით თუ როგორ იაროს ამ ქვეყანამ წინ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.