პრემიერი მამუკა ხაზარაძეს – თქვენ ვერ შეასრულეთ ვალდებულებები და ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდა – ახლაც გიდასტურებთ, თუ რეალური ინვესტორი იქნება, მზად ვართ, სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ

თუ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ, სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ღარიბაშვილმა მამუკა ხაზარაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მას და მის პარტნიორებს პროექტის განსახორციელებლად მთავრობის სრული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა, პროექტი ვერ განხორციელდა.

„ანაკლიის პორტზე ბატონ მამუკას მე მინდა შევახსენო, რომ ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს მე მქონდა შეხვედრა მასთან. მახსოვს მას ჩამოჰყავდა პარტნიორი და სრულ მხარდაჭერას გიწევდით ამ პროექტთან მიმართებაში. ყველა ტრიბუნიდან, ყველა დონეზე ჩემს შემდეგ პრემიერებიც მხარს გიჭერდით და პარტიის თავმჯდომარეც მხარს გიჭერთ. უფრო მეტიც, დაფინანსების შემოთავაზებაც კი გქონდათ მიღებული. თქვენ მოგეცათ გონივრულზე მეტი ვადა, 4 წელი. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეასრულეთ ვალდებულებები და პროექტი ვერ განხორციელდა. პარლამენტმაც კი ჩაწერა კონსტიტუციაში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ამ ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი. უმაღლეს დონეზე გქონდათ მხარდაჭერა. როგორც მე ვიცი, თქვენ 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადაგივადეს, პირველი ფაზაც ვერ შეასრულეთ და შემდეგ წავიდა სამწუხაროდ, პოლიტიკური სპეკულაციები, რომ მთავრობა გიშლით და რუსეთის დავალებით ვერ განახორციელეთ ეს პროექტი. ახლაც გიდასტურებთ, რომ თუ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.