„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საპარლამენტო ფრაქციებმა „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ , ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მემორანდუმი ასევე ეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მისი თქმით, მემორანდუმზე ხელმომწერები უკრაინულ მხარესთან გამართავენ მოლაპარაკებებს, ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რათა საქართველოს და უკრაინის ხმა უფრო მკაფიოდ ისმოდეს.
„ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ როდესაც ერთ ადგილზეა გაყინული ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, არჩევანი, რომელიც გააკეთა ქართველმა ხალხმა ნატო-ს მიმართულებით, ჩვენ ამ არჩევანს მაქსიმალური ფორსირება გავუკეთოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ეს შეთანხმება, დეკლარაციებისგან განსხვავებით, რეალურ შედეგს გამოიღებს, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

„ჩვენი მიზანია, ასევე უკრაინელ პარტნიორებთან ერთად გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყნებმა, რომლებსაც ერთი და იგივე გამოწვევები აქვთ, მოახერხონ, რომ დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნების გაწევრება ევროატლანტიკურ სტურქტურებში და, ამ მხრივ, ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება უკრაინელ კოლეგებთან მხოლოდ შეუწყობს ხელს ამ პროცესს“, – განცადა ბადრი ჯაფარიძემ.

მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები აცხადებენ, რომ პროცესი ღია და გახსნილი იქნება ყველასთვის, მოიწვევენ ქართველ და უკრაინელ დეპუტატებს, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
ფრაქციები მემორანდუმის მიზნების და ამოცანების შესასრულებლად ფართომასშტაბიან ღონისძიებებს გეგმავენ, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

ასევე განახორციელებენ საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების შესრულება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და უკრაინის ნატო-სთან თავსებადობის დონის ასამაღლებლად.