ვახო სანაია ჟურნალისტზე თავდასხმაზე – დავარცხნილი ტექსტები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება რეაგირება

ჟურნალისტი ვახო სანაია “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება და მომხდარის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არაგულწრფელს უწოდებს.

სანაიას თქმით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლები “დავარცხნილი ტექსტებით” გამოდიან, რეალურად კი ჟურნალისტებს შეურაცხყოფას თავად აყენებენ.

“კალაძის განცხადება იქნება, ღარიბაშვილის თუ ამ ხელისუფლებიდან ნებისმიერის, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მათი არცერთი სიტყვის არ მჯერა და ძალიან არაგულწრფელია. ჯერ ერთიც, კალაძე იყო ის ადამიანი, რომელიც ჟურნალისტებს კრიტიკული შეკითხვების გამო შეურაცხყოფას აყენებდა და მისგან ასეთი შეურაცხყოფა არაერთხელ მოგვისმენია. ახლა, როდესაც არჩევნები ახლოვდება, ეს დავარცხნილი ტექსტები მუდმივად შეიძლება რომ იმეორონ. ჩვენ ეს დავარცხნილი ტექსტები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება რეაგირება,”- განაცხადა სანაიამ.

მისივე თქმით, რომ არა ხალხისა და მედიის აქტიურობა, ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულები დღემდე ხელშეუხებლები იქნებოდნენ.

შეგახსენებთ, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა გუშინ მოხდა.  თავდასხმა წალკაში  მას შემდეგ მოხდა, როცა არხის ჟურნალისტი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემას აშუქებდა. კერძოდ,ჟურნალისტი ამზადებდა სიუჟეტს, როგორ ითვისებდა გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე ადგილობრივი მაცხოვრებლების მიწის ნაკვეთებს.