სამწუხაროა, რომ არჩევნებში რაღაც ტიპის მხარდაჭერას ჯერ კიდევ მოიპოვებენ ძალები, რომლებიც ეკლესიას უპირისპირდებიან – მამუკა მდინარაძე

“სამწუხაროა, რომ არჩევნებში რაღაც ტიპის მხარდაჭერას ჯერ კიდევ მოიპოვებენ ძალები, რომლებიც ღიად და აშკარად, ძალიან ცუდი ფორმებით ქართულ ეკლესიას უპირისპირდებიან,” – ამის შესახებ  ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, მდინარაძემ აქვე დასძინა, რომ – “არ შეიძლება საქართველოში ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს – საქართველოს ეკლესიას ებრძოლო და მის დისკრედიტაციას შეეცადო – სამწუხაროდ, პროპაგანდისტული, ფსიქოლოგიური და მორალური ძალადობის შედეგებს ვიმკით”.

“ეკლესიის მიმართ ბრძოლა, ეკლესიის მიმართ დარტყმები, რასაც ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან ვხედავთ, ესეც უნდა იყოს დაგმობილი და იდენტიფიცირებული. წლების განმავლობაში წარმოებული კამპანიაა პატრიარქისა და ქართული ეკლესიის მიმართ, რაც მორალური, პროპაგანდისტული ძალადობით, პიარ-კამპანიის გაწერილი გეგმებით ძალადობით ხორციელდებოდა.

სამწუხაროა, რომ არჩევნებში რაღაც ტიპის მხარდაჭერას ჯერ კიდევ მოიპოვებენ ძალები, რომლებიც ღიად და აშკარად, ძალიან ცუდი ფორმებით ქართულ ეკლესიას უპირისპირდებიან.

არ მაქვს ილუზია, რომ ყველგან ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არსებობს საკითხები, რაზეც უკამათოდ, უდაოდ უნდა შევჯერდეთ. უდაო საკითხი უნდა იყოს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი და პიარკამპანია არ აწარმოო საქართველოს საპატრიარქოს და პატრიარქზე დარტყმის ხარჯზე. არსებობს რაღაც ღირებულებები რაც არ გადაიხედება, ისევე როგორც არ გადაიხედება კონსტიტუციაში არსებული დათქმა, რომ საქართველოს არჩევანია ევროატლანტიკურ სივრცე და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ოღონდ ეს ყველაფერი არა ეროვნული იდენტობის გვერდზე გაწევის ხარჯზე, არამედ ქართული, ეროვნული ტრადიციული იდენტობის შენარჩუნების და გამყარების ხარჯზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, იდენტობით და ეროვნული სულისკვეთებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.