თუ ეს ხალხი არა, მაშინ ვინ არის დაკავშირებული მეგის გარდაცვალებასთან? – ადვოკატი მეგი ბაქრაძის საქმეზე

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც ადვოკატი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, ახლციხის კლინიკა “იმედიდან” ყველა ის პირი გაანთავსუფლეს,  ვინც იმუნიზაციასთან იყო  დაკავშირებული.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხის კლინიკა “იმედიდან” გაათავისუფლეს: ექიმი; რეანიმატოლოგი; რეანიმატოლოგიის დამხმარე; მედდა – ყველა პირი ვინც დაკავშირებული იყო იმუნიზაციასთან. კლინიკა აცხადებს, რომ ამ პირების გათავისუფლება არ არის დაკავშირებული მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან. არც ერთი გამოძიება არ დასრულებულა ჯერ და ყველა გაათავისუფლეს სამსახურიდან. გვაბრმავებთ? – თუ მეგისთან არა, რასთან არის დაკავშირებული? რაც უფრო მნიშვნელოვანია: თუ ეს ხალხი არა, მაშინ ვინ არის დაკავშირებული მეგის გარდაცვალებასთან?” – წერს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა “იმედში”, ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. სავარაუდოდ, მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ანაფილაქსიური შოკში ჩავრდნის შემდეგ მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

2021 წლის, 7 აპრილს კი მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ ექიმებს ბრალი წარუდგინა. 8 აპრილს, ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.