ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პრივილეგირებული კასტები, ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები, თანაბარი ურთიერთობები, უნდა დასრულდეს კორუფციული საკითხები – გიორგი გახარია

„ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ფოთს განვითარება პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ფოთში პარტიული ოფისის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფოთში პორტი ახლა ფართოვდება და  ამ გაფართოების შეთანხმების როგორღაც მიღწევას ბევრი შრომა დასჭირდა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი ბოლომდე მივა, რადგან ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი.

„აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში, რადგან ტვირთები ფოთისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი რეგიონალური მართვა ცოტა შეიცვალოს, ცოტა უფრო დეცენტრალიზაციისკენ წავიდეს და ადგილზე წყდებოდეს ბევრი რამ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით, ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის. უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს, რეგიონისა და ფოთის მომავლისთვის. ვიშრომოთ ამისთვის. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პრივილეგირებული კასტები, ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები, თანაბარი ურთიერთობები, უნდა დასრულდეს კორუფციული საკითხები. მაქსიმალურად გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს. ამ ხალხის ხელშია ჩვენი მომავლის ცვლილება“, – აცხადებს გახარია.