გიორგი გახარია – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად, საქმიანად, ლანძღვა-გინების გარეშე – მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში, გავიმარჯვოთ და ადამიანებს შევუსრულოთ ყველა დაპირება

„ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წყნარ, მშვიდ, თანაბარ გარემოში ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ფოთში პარტიული ოფისის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად , ყველანაირი ისტერიკის , ლანძღვა-გინების გარეშე, საქმიანად, ყოველდღიური შრომით.

„ფოთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად, საჭიროა წესრიგი, ქაოსი უნდა დამთავრდეს, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ყოველდღიური გაურკვეველი მიზეზებით თუ უმიზეზოდ მიტინგები, ქუჩაში სირბილი და ბევრი რამ.

ჯერ უნდა შევქმნათ და გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, შემდეგ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და შემდგომ ადამიანებს შევუსრულოთ უნდა ყველა ის დაპირება, რომელსაც გავცემთ. მძიმე და ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ ამ ქალაქშიც, ამ ქვეყანაშიც არ მეგულება და არ ვიცი დაპირება, რომელიც გაცემული არ არის . ყველა დაპირება უკვე გაცემულია დიდი ხანია, ერთადერთი რაც ახლა გასაკეთებელია, უნდა ვიშრომოთ მათ შესასრულებლად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს გაგვიკეთებია. ძალიან კარგად გვესმის ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომის ფასი, რათა ქვეყანა წავიდეს წინ. ამას გავაკეთებთ და ამას ვაჩვენებთ ყველას, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ქვეყანას, შენს რეგიონს, შენს ქალაქს კეთილსინდისიერად ისე, რომ შენი მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილი და მათი ჩართულობაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იყოს მაღალი“, – განაცხადა პარტია გახარიამ.