პოლიტიკა

“საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა, აუცილებელია, რომ მისი კანონმდებლობა გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს, – „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განუცხადეს.

„ჩვეულებრივ, ევროკავშირის დირექტივები მათი შესრულების ზუსტ წესს არ კარნახობენ; ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულწილად თავისუფლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ გადაიტანონ დირექტივები ეროვნულ კანონმდებლობაში. საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა, აუცილებელია, რომ მისი კანონმდებლობა გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს.

არასრულწლოვანთა დაცვის და სიძულვილის ენის რეგულირება აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივის (AVMSD) არსებითი ელემენტია, რომელსაც საქართველო უნდა შეესაბამებოდეს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა. გარდა ამისა, „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის გასაგრძელებლად, საქართველოს კანონმდებლობა დირექტივის კონკრეტულ დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.

ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები, კერძოდ, არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა, ამ საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის არაერთმა ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა გამოთქვა შეშფოთება და მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობაში ეჭვი შეიტანა. ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას. როგორც ვიცით, საქართველომ ასეთი მუშაობის გაგრძელების ვალდებულება აიღო.

ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს.

რაც შეეხება „უხამსობის“ ცნებას, ის დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებთან მის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.