„დღეს არავის სცალია აფხაზეთის თემისთვის…ვითარება კი საკმაოდ რთულია…“

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც რუსეთის დუმამ 2 ნოემბერს მიიღო, მთელი სამხედრო ძალაუფლება რუსეთის ხელში გადადის.

“უნდა ითქვას, რომ დოკუმენტის შინაარსის მიხედვით, აფხაზური მხარე კარგავს სამხედრო ძალაუფლებას საკუთარ ტერიტორიაზე და მთელი ძალაუფლება რუსეთის ხელში გადადის. აფხაზებს ფორმალურად რჩებათ 2000 სამხედრო.

“უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად დოკუმენტში ასახული გარემოებისა, რომ რუსები მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩაიბარებენ ერთპიროვნულ მმართველობას, ეს მუდმივ სახეს მიიღებს. რუსეთმა დიდი ხანია დაიწყო სამხედრო ხელმძღვანელობის ხელში აღების პროცესი, თუმცა, დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც საუბარია აფხაზური მხარის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვასა და ფსოუსთან საზღვრის გახსნაზე, ჯერ არ ამოქმედებულა.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ვითარება საკმაოდ რთულია. არ ვიცით, რა შედეგით დამთავრდება ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები და რა კურსს აირჩევს ამერიკის ახალი ხელმძღვანელობა რუსეთთან მიმართებაში, მით უმეტეს მაშინ, როცა რუსეთი აქტიურად ცდილობს საკუთარი ჯარების განლაგებას ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან. ამ სივრცეში პატარა აფხაზეთი თითქოს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ესაა სივრცე, საიდანაც რუსეთი მთელ ამიერკავკასიას აკონტროლებს.

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ის ამ ვითარებაში ძალიან ცუდ პოზიციაში იმყოფება. დღეს არავის სცალია აფხაზეთის თემისთვის. როცა დასავლეთი დაკავებულია უკრაინის პრობლემით, სირიაში მიმდინარე საომარი სიტუაციით, საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნებით, ხელისუფლებას თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზე ვართ დარჩენილი.

“საომარი მოქმედებების განახლებას არ ველოდები, ვინაიდან რუსული ჯარი აქამდეც იდგა აფხაზეთის ტერიტორიაზე და სურვილის შემთხვევაში ხელს ვერავინ შეუშლიდა.

წყარო:  resonancedaily.com

 

 

კომენტარის დატოვება