თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ძეგლი, რომლის ავტორიც ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალია, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა ინდოეთის მხრიდან.

ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე.

„დღეს ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში. საქართველოში ვმასპინძლობთ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მასთან ერთად გავხსნა ინდოელი ხალხის სულიერი ლიდერის, დამოუკიდებელი ინდოეთის ფუძემდებლის და მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ჰუმანისტისა და პოლიტიკური მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში.

მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღე მეტად დატვირთული აღმოჩნდა სასიამოვნო ფაქტებით. დღეს ქართველი ხალხისთვის ისტორიული და უაღრესად სულიერი მნიშვნელობის მოვლენის მომსწრენი გავხდით – ბატონმა მინისტრმა ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II–ს პირადად გადასცა გოაში წმ. ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმ. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ერთი ფრაგმენტი”, – განაცხადა მინისტრმა ზალკალიანმა.