„აივანზე ინერციით დავეჯახე ,,სტეკლოს” და გადამეჭრა ხელი – მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია ,,ელგებეტე” ხალხის მიმართ” – ,,თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის დაკავებული, გიორგი ელიზბარაშვილი

,,თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის დაკავებულმა, გიორგი ელიზბარაშვილმა სასამართლო სხდომაზე  განაცხადა, რომ მისი გაღიზიანება გამოიწვია LGNTQ+ დროშამ და ტელევიზიების პიარმა.

მისივე თქმით, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და აღელვება იყო მხოლოდ მისი დანაშაული.

,,მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია ,,ელგებეტე” ხალხის მიმართ. უბრალოდ, დროშამ გამოიწვია ჩემი აღელვება და ეგ იყო ჩემი დანაშაული მეტი, მე არაფერი ჩამიდენია. აივანზე ინერციით დავეჯახე ,,სტეკლოს” და გადამეჭრა ხელი, რაც ჩანს კიდეც კადრებში. შემდეგ შევედი ,,კუხნაში”, გადავიბანე ხელი და ვცდილობდით გარეთ გამოსვლას. კარიდან რომ ვერ გამოვედით, გამოვედით ისევ აივნიდან. მე არავისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა და ზედმეტი არავისთვის არ მითქვამს, გარდა იმისა, რომ ჩამოვაგდე ,,ელგებეტეს” დროშა. არ არსებობს ამის გარდა არც ერთი ფაქტი, რომ მე ვიძალადე. დაწვასაც რომ იძახიან, ჩვენ არ დაგვიწვავს.

ვთვლი, რომ უნდა იყვნენ ჩვეულებრივ საზოგადოების წევრები, მაგრამ ტელევიზიების პიარი იყო ძალიან გამაღიზიანებელი და სწორედ ამიტომ გადმოვაგდე დროშა,” – განაცხადა დაკავებულმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში ,,თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის დაკავებული 3 პირის, გიორგი ოძელაშვილის, გიორგი ელიზბარაშვილის და ალიკა ალაზანოვის სასამართლო პროცესი გაიმართა.