სალომე ზურაბიშვილი – ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის, აუცილებელია, რომ გამოძიებული იყოს და ვინც არის პასუხისმგებელი, დაისაჯოს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე აუცილებელია, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დაისაჯოს.

„მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ჩემთვის პირადად, ამ ოჯახზე აღარაფერს ვიტყვი, აუცილებელია, რომ გამოძიებული იყოს და ვინც არის პასუხისმგებელი, დაისაჯოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.