ირაკლი ღარიბაშვილი – ვნახეთ, როგორ სცადეს, ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოეყენებინათ, რა შეიძლება იყოს ამაზე ამორალური – ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება

ვნახეთ, რომ სცადეს, ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ყველა მოძალადე მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.

„მინდა, გითხრათ ჩემი შეფასება ამ დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს შედგება ჩვენს ქვეყანაში.

ეს ტრაგედია, ვნახეთ, რომ სცადეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით მიღწევას. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ლექსო ლაშქარავა, ყველა მოძალადე მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი, პოლიციამ უკვე დააკავა ოთხი პირი. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ვგმობთ და ყოველთვის დავგმობთ, ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.