ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია არეულობის გამოწვევისკენ, ქართველები გონიერი ხალხია და კარგად ხვდებიან ამას – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას.

ამასთან, იგი გამოეხმაურა მოძრაობა „ერის” ლიდერის, ლევან ვასაძის კომენტარს, რომელმაც  საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში აშშ-სა და სხვა ქვეყნების ელჩები დაადანაშაულა.

„მე მგონი ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ძალადობის, არასტაბილურობის, არეულობის გამოწვევისკენ. ქართველები გონიერი ხალხია და კარგად ხვდებიან ამას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „მიუხედავად ეკლესიისა და ყველა ტრადიციული რელიგიის მიმართვისა, კელი დეგნანი ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა ჩვენ მთავრობას”.