პოლიციას ალბათ ჯერ ნანახი არ ჰქონდა ქუჩის კამერების ჩანაწერები, თორემ ამ მნიშვნელოვან დეტალს აუცილებლად შეამჩნევდა – ბონდო მძინარიშვილი (ვიდეო)

ჟურნალისტი, ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში “TV პირველის” ოპერატორის,ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ გამოძიებას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა.

მძინარიშვილი შსს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე საუბრობს, სადაც გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილებაა ასახული და ვარაუდობს, რომ გამომძიებლებმა კადრში ტელეფონის დავარდნის მომენტი ვერ შეამჩნიეს.

“მნიშვნელოვანი დეტალი – ლექსო ლაშქარავას ტელეფონი დაუვარდა გარდაცვალებამდე, შინ დაბრუნებისას, ეზოში, როდესაც ჯერ ჩაიცუცქა, შემდეგ კი ასფალტზე დაჯდა ავტომანქანის უკან. კარგად ჩანს, რომ ამ დროს ხელში ეჭირა პატარა, შავი საგანი, რომელიც წამოდგომის შემდეგ აღარ უჭირავს.

კარგად დააკვირდით ქუჩის კამერის ჩანაწერს.

დილით პოლიციას ალბათ ჯერ ნანახი არ ჰქონდა ქუჩის კამერების ჩანაწერები, თორემ აუცილებლად შეამჩნევდნენ ამ დეტალს და ლაშქარავას სახლში არ მივიდოდნენ ტელეფონის ამოსაღებად.

ეზოში დაყენებულ ქუჩის კამერას უნდა დაეფიქსირებინა, ვინ აიღო ლექსოს ტელეფონი.

სად არის ის ტელეფონი ახლა?

P. S. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, კოლეგებს და მეგობრებს მისი გარდაცვალების გამო,”- წერს ბონდო მძინარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 5 პირი.