26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა

26 წლის ყაზახი ქალის, აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული  და დაკავებული ბესიკ თორდუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ განაცხადა, თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის პენიტენციური დაწესებულებიდან ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.

როგორც შუკაკიძე განმარტავს, პატიმრის მოკითხვისას უთხრეს, რომ თორდუა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ექიმებმა მითხრეს, რომ თორდუას თავში სისხლჩაქცევები ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა

ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.