ვახო სანაია – ღარიბაშვილმა პირდაპირ ეთერში მკვლელობის ბრძანება გასცა

ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, 5 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ ეთერში მოქალაქეების მკვლელობის ბრძანება გასცა.

როგორც სანაიამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა, მედიის წარმომადგენლები პრემიერს ამ დღეს არ აპატიებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

“სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან „ოცნებაში”. პირადად ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, მან  პირდაპირ ეთერში გასცა ბრძანება ადამიანის მკვლელობის, ერთი დაიღუპა, მაგრამ ყველას მკვლელობა ბრძანა, ვინც იქ იყო,  ამიტომ ჩვენ ამას არ ვაპატიებთ,”- განაცხადა ვახო სანაიამ.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებულ ღონისძიებასტან დაკავშირებით დედაქალაქში არეულობა იყო.”პრაიდის” მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ისინი ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უსწორდებოდნენ, შსს-ის ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.