საქართველოში, ჯანდაცვის სექტორში ჯიბიდან გადახდის დონე კვლავ მაღალია, 6-დან ერთი ოჯახი ჯანდაცვის კატასტროფულ ხარჯებს განიცდის, რაც აღემატება WHO-ს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – ჯანმო

WHO-ს რეკომენდაციით, საქართველოში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად საჭიროა ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასების რეგულაცია, – ამის შესახებ ჯანმო-ს ბარსელონას ოფისის ანგარიშშია ნათქვამია, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების საფასურის დაფარვას და ფინანსურ უზრუნველყოფას უკავშირდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება WHO-ს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია WHO-ს ევროპის რეგიონის მასშტაბით.

„ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტებია, რაც განპირობებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალი ფასებით.

2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოცული მოსახლეობის წილი და შემცირდა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები. თუმცა, საქართველოში ჯანდაცვაზე საჯარო დანახარჯები WHO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას როგორც მეტი მედიკამენტი, ასევე მეტი ადამიანი. დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება და მედიკამენტების რაციონალური დანიშვნისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ჯანმრთელობის სერვისის ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისრონ  ასევე ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისთვის. არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის. თანაგადახდის სისტემა რთული და პოტენციურად დამაბნეველია პაციენტებისთვის. დაცვის მექანიზმები არაეფექტურია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეღავათებზე წლიური ზედა ზღვარი, პროცენტული თანაგადახდის გამოყენება და პროვაიდერის მიერ პაციენტებისთვის დამატებითი თანხის დაკისრების შესაძლებლობა ჯიბიდან მაღალ გადახდებს იწვევს”, – ნთქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.

2013 წელს საქართველოში დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (UHCP), რომელმაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გააფართოვა. რეფორმებმა გამოიწვია სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა, მაგრამ ჯიბიდან გადახდის დონე კვლავ მაღალია, 6-დან ერთი ოჯახი ჯანდაცვის კატასტროფულ ხარჯებს განიცდის. ჯიბიდან გადახდის ზემოქმედება განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ოჯახებზე აისახება.

ფინანსური დაცულობა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა.

ფინანსური დაცულობა იზომება ორი ძირითადი ინდიკატორის გამოყენებით: ჯიბიდან კატასტროფული გადახდები და ჯიბიდან გადახდები, რომლებიც გაღარიბებას იწვევს.

ჯანმოს ანგარიშის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები.

ადამიანები ხშირად საკუთარი ჯიბიდან იხდიან, რათა გვერდი აუარონ პირველად ჯანდაცვას და სამედიცინო დახმარების მისაღებად უშუალოდ სპეციალისტებს მიმართავენ, რაც ნაწილობრივ განპირობებულია პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების მიმართ ნდობის დაბალი დონით.

საჭიროა ჯანდაცვაში სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდა

ფინანსური დაცულობის გაძლიერება მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე ხარჯების გაზრდას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის სფეროში, ასევე სერვისების მოცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ზომების მიღებას და რესურსების უკეთ გამოყენებას “,- აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ანგარიში.