გიორგი თაბაგარი – არავინ ჭამს ამ ფაფხურს, ვიდრე ყველა ძალადობის ორგანიზატორს გისოსებს მიღმა არ ვნახავთ

„თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი “ალტ-იფოს” დამფუძნებლების სახლების ჩხრეკასა და პოლიციაში მათ დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი მოქმედებები არაფერს ცვლის.

თაბაგარის თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, რომ 5 ივლისს “პოლიციამ ითანამშრომლა ტერორისტულ დაჯგუფებასთან.”  მისივე თქმით, შსს-ის დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებებს “არავინ ჭამს.”

“შსს-ს 5 ივლისამდე ყოველ შეხვედრაზე ვაწვდიდით ინფორმაციას ალტ ინფოს ორგანიზებაზე, პირადადაც ჩავურთე ვიდეო ზურა მახარაძის ძალადობრივ მოწოდებაზე, იმეილებზეც დავუგზავნეთ სქრინები. მაშინ გამოკითხვაზე დაიბარეს თავის მოსაჩვენებლად და შემდეგ შეხვედრაზე თავიც მოიწონეს, აი ხო ვმუშაობთო.

შემდეგ იყო 1 ივლისი და ფილმის ჩვენება, სადაც ბოთლებს, ქვებს და კვერცხებს ისროდნენ გავეშებული ტერორისტები, ცდილობდნენ შენობაში შემოჭრას, სწორედ ალტ ინფოს ორგანიზებით. ხილული ძალადობაც არ აღმოჩნდა საკმარისი მათ დასაკავებლად.

5 ივლისამდე თუ ცოტათი საბელზე ჰყავდათ გამობმული, ხუთში საბოლოოდ აუშვეს ველური ცხოველები და პირდაპირ მოგვიქსიეს აქტივისტებს და ჟურნალისტებს. პუბლიკას მომზადებულ ვიდეოში ძალიან კარგად გამოჩნდა თუ როგორ ითანამშრომლა პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან და მათ ლიდერებთან. იმაშიც გამოჩნდა თუ რა ოპერატიულად იღებდნენ ეს ჯგუფები ჩვენი გადაადგილების მარშრუტებს და როგორღაც ყოველ ჯერზე პოლიციაზე ადრე ახერხებდნენ ყველგან მისვლას.

ამიტომ არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ძალადობის ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა! სანამ პოგრომის თანამონაწილე ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას”.- წერს გიორგი თაბაგარი.