ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და ასევე ე.წ. პროფესიონალი წევრები ვერ აირჩია. პირველი კენჭისყრის კვორუმად დადგენილი ხმათა 2/3 – 100 ხმა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ორმა დეპუტატმა, ათი კი წინააღმდეგი იყო.

შეგახსენებთ, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი 9 ივლისს დასრულდა. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა 11 ივლისს დაიწყო.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან.

ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3-ით, ანუ სულ მცირე 100 ხმით მხარდაჭერა სჭირდება.

შესაბამისად, ცესკო-ს თავმდჯომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე 5 წლის ვადით იქნას არჩეული, პირველ ჯერზე საჭიროა 100 ხმა. არასაკმარისი ხმების შემთხვევაში, ხელახლა ინიშნება კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზებაა აუცილებელი. თუ ისევ არ მოგროვდება საჭირო ხმები, შემდეგ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იქნება შესაძლებელი ანდიდატის არჩევა. თუ სამივე შემთხვევაში ვერ მოხერხდა საჭირო ხმების მობილიზება, საბოლოოდ კანდიდატის დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა 5 წლის, არამედ 6 თვის ვადით. შემდეგ კი კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.