საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთმა ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთმა ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას ორხევის საავტომობილო ბაზაზე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი.

„თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო მანქანების უმსხვილესი კომპანია BMC-ის მიერ წარმოებული ოთხი ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა. კომპანია BMC-სთან ოთხი ტექნიკური მომსახურების მანქანის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აღნიშნული ტექნიკის საერთო ღირებულებამ 866,400.00 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.