„წინა ტალღის დროს ასეთი მაღალი ცხელებით არ იწყებოდა დაავადება” – პაციენტების 60-70% არის „დელტა”  შტამით ინფიცირებული – მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორის ლიკა მუმლაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის კორონავირუსის დადასტურებული ე.წ. დელტა შტამით კლინიკაში 2 პაციენტი იმყოფება.

როგორც მან „რუსთავი 2″ – ის ეთერში საუბრისას აღნიშნა, დაახლოებით პაციენტების 60-70% არის „დელტა”  შტამით ინფიცირებული.

„დადასტურებული „დელტა” შტამით გვყავს მხოლოდ 2 პაციენტი, თუმცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამოსავალი წერტილი არ არის ამისი ლაბორატორიული დადასტურება. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, დაახლოებით 60-70% პაციენტებისა არის დელტა შტამით.

დაავადების გავრცელების და კლინიკური მიმდინარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ექიმებს, ეპიდემიოლოგებს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს მუტირებულ შტამთან საქმე.

არის მწვავედ დაწყებული დაავადება, სწრაფად პროგრესირებადი, მაღალი ცხელებით მიმდინარეობს და საწყის ეტაპზე დაავადებას აქვს ვირუსული სურდოს მსგავსი სიმპტომატიკა, ცხვირის გაჭედვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი და ჰექტიური ცხელება – 39 და უფრო მაღალი ტემპერატურა.

წინა ტალღის დროს ასეთი მაღალი ცხელებებით არ იწყებოდა დაავადება, შედარებით დაბალი იყო ტემპერატურის მაჩვენებელი და ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სურათი ნაკლებად იყო გამოხატული, ახლა უფრო წინ წამოიწია ამ ჩივილებმა,” – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.