„დონალდ, დეპეშაა შენს სახელზე…და რა შუაშია სააკაშვილი?“

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას ტელეგრამა გაუგზავნა, სადაც  მიულოცა, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა ერთობლივ მუშაობაზე.

პუტინის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონსტრუქციული დიალოგი ორივე მხარის ინტერესშია. ამასთანავე, აღნიშნა, რომ მთავარია არსებობდეს “თანასწორობის, ერთმანეთის დაფასებისა და პოზიციების რეალური გათვალისწინების” პრინციპი.

ტრამპი ალბათ ჯერ ეიფორიაშია და ვერ მოახერხა საპასუხოდ “ელვა-დეპეშის“ დაბრუნება, სამაგიეროდ არჩევნებამდე ისეთი რამ განაცხადა, მხოლოდ სიტყვა „მადლობა“ მასთან რა მოსატანია.

ხომ გახსოვთ, ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას, რომ თქვა,  გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ყირიმს, როგორც რუსეთის  შემადგენელ ნაწილს ვცნობ და უკრაინის გამო  რუსეთისადმი დაწესეულ სანქციებს გავაუქმებო. აბა, მეტი რაღა დეპეშა უნდა პუტინს…

 იქით, სააკაშვილი ზეიმობს-ტრამპი ჩემი დიდი ხნის მეგობარიაო…ისე, ბათუმური ვოიაჟებიც გემახსოვრებათ ალბათ…

ის კი არადა იმასაც ამბობენ, სააკაშვილის გადადგომაში სწორედ ტრამპის ხელი ურევიაო-ახალი სცენარი დაიწერა და ПЕРЕЗАГРУЗКА იწყებაო…

მოკლედ, მიდის ერთი გარჩევა-გამორჩევა ვისი ვიოლინო ვის მელოდიას უკრავს…ზოგი იმასაც ამბობს, „ეგ გიჟი სააკაშვილი უფრო გაგიჟდა, პუტინის მეგობრის მეგობარობარი როგორ გამოდისო?“  ისე, უკრაინის  საბანკო  ასოციაციის მრჩეველს, გიორგი სიგუას თუ დავუჯერებთ, არის ამაში ლოგიკა, რადგან ეს უკანასკნელი უკვე წლებია ამბობს, რომ „სააკაშვილი პუტინის პროექტიაო“

-„სუამის პროექტი ძალიან ასუსტებდა რუსეთის გავლენას, სწორედ ამიტომ რუსეთმა მოიყვანა თავისი პოლიტიკის გამტარებელი და სამუდამოდ დაასამარა ექსპორტისა და იმპორტის გამტარიანობაში საქართველოს როლი. აი, ეს იყო ჩვენი საგზური, საშვი ევროპაში. აი, ამის გამო არ აწყობდა რუსეთს შევარდნაძე და შეცვალა სააკაშვილით, რომლის ხელითაც უმტკივნეულოდ დაგვიკეტა გზა ევროპისკენ. მერე იყო აგვისტოს ომი, ჩვენ დავკარგეთ ბუნებრივი საზღვარი რუსეთთან, ის დამკვიდრდა ამ ტერიტორიაზე და დაიწყო მცოცავი ოკუპაცია. პოლიტიკური კონტროლი უკვე რუსეთის ხელშია, აი, რა გააკეთა რუსეთის ხელდასმულმა სააკაშვილმა. ახლა რუსეთის მიზანია უკრაინა დააკნინოს და გახადოს მსოფლიოსთვის უინტერესო, ამაშიც საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს სააკაშვილი და მისი გუნდი“ -განაცხადა სიგუამ

ნამდვილად საინტერესოა ვინ ვისი პროექტია და ვის დავალებებს ასრულებს, მაგრამ უბრალო და რიგითი ადამიანებისთვის გამოუცნობად დარჩება…ან დრო ახდის ფარდას ყველაფერს…

მოკლედ, ილიკო და ილარიანის არ იყოს, მერე გერმანიამ რაო?…

 

 

კომენტარის დატოვება