ამირან გამყრელიძე: გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან

გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად, საწოლფონდი კიდევ უფრო გამოთავისუფლდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი და ამასთან, ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში.

„ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს დაახლოებით ნოემბერში ჩვენ გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა რთულია, მაგრამ აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახებასა და იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად, საწოლფონდი კიდევ უფრო გამოთავისუფლდება“ , – განაცხადა გამყრელიძემ.