„ფაიზერით“ ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი – არა, რადგან ამ კუთხით კლინიკური კვლევები ჯერ დამთავრებული არ არის – პაატა იმნაძე

„ფაიზერით“ ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძე აღნიშნავს,  „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ორსულებთან დაკავშირებით კლინიკური კვლევები ჯერ არ არის დამთავრებული.

„სინოვაკს“ და „სინოფარმს“ ჯერჯერობით ინსტრუქციაში უწერიათ, რომ ორსულები არ იცრება, რადგან კლინიკური კვლევები ორსულებზე არ არის ჯერ დამთავრებული. შესაბამისად, ვიდრე არ იქნება კლინიკური კვლევები, ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში. „ფაიზერს“ ინსტრუქციაში ჩაწერილი აქვს, რომ ექიმის და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსულები. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერის“ შემთხვევაში შეიძლება ორსულების აცრა, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.