გვარამიას ინფორმაციით, “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საგადასახადო ინსპექცია არხის გაყიდვების სახლში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

“ეტყობა ტელევიზიაში ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ვინც ჩვენს რეკლამებს ყიდის, აი, იმ სახლში შევიდნენ”, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას განმარტებით, თუ გაყიდვების სახლში რამეს დააყადაღებენ, არხი შემოსავალს ვეღარ მიიღებს.

“შეგვპირდა ამას ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსება. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ”, – აღნიშნა გვარამიამ.

შეგახსენებთ, 15 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრიტიკულ ტელევიზიებში “შავი ფული ტრიალებს” და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს.