თამარ გაბუნია – ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე

შეიძლება ვთქვათ, რომ ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღიური სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად დღეში 25 000 – 30 000 ადამიანი უნდა აიცრას.

„გუშინ აცრილთა რაოდენობამ 14 000-ს გადააჭარბა, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეში საშუალოდ ვაქცინირებულთა რაოდენობა 14 000-ია. ჩვენი სამიზნე არის თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება, რათა ვაქცინირებულთა რაოდენობა სამიზნე მაჩვენებლამდე ანუ 25 000 – 30 000 კაცამდე გაიზარდოს. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა და ვაქცინაციის ცენტრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც დაემატება“, – განაცხადა გაბუნიამ.