“ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ ქვეყანა არის სათამაშო მის ხელში, ალბათ არავინ ელოდა ასეთ თავხედურ ქმედებას” – გიორგი ვაშაძე

“სამწუხაროდ “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ ქვეყანა ეს არის სათამაშო მის ხელში და ამას ჩვენც არ ველოდით, ალბათ არც არავინ ელოდა თუ ასეთ თავხედურ ქმედებას ექნებოდა მათი მხრიდან ნაბიჯი,” – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას  შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშრებით.

„მე ამ გადაწყვეტილების შემდგომ მაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაცია და კომუნიკაცია და ახლა არის დრო დავიწყოთ იმ აღსრულების მექანიზმების ფართომასშტაბიან ამოქმედებაზე მუშაობა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობას უნდა მოჰყვეს. ეს შეიძლება იყოს ბევრი რამ, მათ შორის, სანქციებზე ვსაუბრობდით და ალბათ უფრო დაჩქარდება პერსონალური სანქციების საკითხი.

რასაც ვხედავთ “ქართული ოცნების” მხრიდან, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე მართლა ძალით მოვაწერინეთ ხელი. მათ არ აწყობთ 43%-იანი ბარიერი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამ ბარიერის და ამიტომაც ჩააგდეს ეს დოკუმენტი.

ამიტომ ახლა ოპოზიციის ფლანგს მინდა მივმართო, იმედი მაქვს ახლა მაინც არ დაიწყებთ გარჩევ-გამორჩევას, რა კარგი იყო და რა იყო ცუდი. ჩვენ ცივი გონებით უნდა განვსაჯოთ და მოქლაქეებს უნდა ვკითხოთ, აი მე ვეკითხები ჩვენს მხარდამჭერებს, თქვენ რას ფიქრობთ? მე მართლა მინდა, რომ თქვენთან ერთად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.

ყველას თავისი გზა აქვს, უბრალოდ არ მგონია, რომ ცხელ გულზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამ საკითხზე და ამის შემდგომ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “დღის კურიერის” ეთერში.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტმა  თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.