გიორგი ვაშაძე – კატეგორიულად მოვითხოვთ დოკუმენტის შესრულების გარანტორი მხარეებისგან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას, პირადად შარლ მიშელიც არის პასუხისმგებელი ამაზე

აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა აღსრულების მექანიზმის ჩართვაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის განმარტებით, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების გარანტორები იყვნენ აშშ და ევროპა და სწორედ ამიტომ მოაწერეს ხელი შეთანხმებას.

„ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ სწორედ იმ გარანტიით, რომ ამერიკა და ევროპა იყვნენ გარანტორები ამ დოკუმენტის შესრულების. შეაბამისად, ჩვენ კიარ გადაგვაგდეს, მათ საგარანტიო სიტყვას არ სცა პატივი „ქართულმა ოცნებამ“. ნამდვილად არ მაინტერესებს ახლა ხელი მოაწერა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ვინმემ. ჩვენ მოვაწერეთ მაშინ, როდესაც შეთანხმება შედგა. მათ შორის, პირადად შარლ მიშელიც არის პასუხისმგებელი ამაზე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის თანმიმდევრული საკუთარ გადაწყვეტილებებში, კატეგორიულად მოვითხოვთ გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას. რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც დღეს ჰქონდა, ცოტა ხანში თქვენ ნახავთ საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან, რადგან, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს იყო არასწორი განცხადება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.