“რეფორმატორების” თავმჯდომარე მთავარი არხისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

პარტია “რეფორმატორების” თავმჯდომარე დავით მიროტაძე მთარი არხისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მიროტაძე განცხადებას ავრცელებს:

-16 ოქტომბერს, მთავარი არხის ეთერში, 9 საათიან მთავარში გავიდა საიმიჯო სიუჟეტი “გაერთიანებული ოპოზიციის” შესახებ, რომელსაც ერთვოდა ტიტრები: “რეფორმატორები გაერთიანებულ ოპოზიციაში”.

იმედს ვიტოვებთ ეს იყო შემთხვევითი უზუსტობა და გაუფრთხილებლობა არხის რედაქციის მხრიდან და არა მიზანმიმართული მანიპულაცია, ამომრჩევლის შეცდომაში შესაყვანად.

განვმარტავ, პოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორები” არის საარჩევნო სუბიექტი და დამოუკიდებლად მონაწილეობს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში, საარჩევნო ნომრით 42.

შესაბამისად გარდა დისკრიმინაციული ხასიათისა, თქვენი სიუჟეტით დაირღვა საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, მუხლი 14, პუნქტი 2.

მოგმართავთ თხოვნით, 20 ოქტომბრამდე, 9 საათიან მთავარში მოიხადოს არხის რედაქციამ ბოდიში სიუჟეტში გასული უზუსტობის გამო და ამომრჩეველს განემარტოს, რომ რეფორმატორები არის დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტი და მისი საარჩევნო ნომერია 42! (ეს იქნება საკმარისი და სამართლიანი, დაშვებული შეცდომის სანაცვლოდ)

ჩვენი თხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩვენ იძულებული გავხდებით მივმართოთ სამართლებრივ გზას!