მათემატიკის პედაგოგს სკოლაში უფლება ექნება საბუნებისმეტყველო საგნები ასწავლოს

პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში ცვლილებებია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური საგნების მასწავლებლებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი და დიპლომით უდასტურდება მათემატიკის, ფიზიკის, ან ტექნოლოგიური საგნების (რომელიმე მათგანის) გავლა, მიეცემა უფლება ასწავლოს ჩამოთვლილი საგნებიდან ერთ-ერთი.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებიაშია ნათქვამი:

“ა) მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს  მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.”

ამასთანავე საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები, პირველ რიგში, გაუნაწილოს და შეუვსოს სრულ დატვირთვამდე კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და შემდგომ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს“- ნათქვამია განცხადებაში.