ბიგვავა: ერთი თვის წინ, ოცნების რეიტინგი იყო 30%-მდე, ახლა კი 35%-მდეა

 

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ”ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ შიდა კვლევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩატარდა ორი შიდა კვლევა  და მესამე – მიმდინარეობს. კვლევების შედეგებით,  ქართულ ოცნებას დაახლოებით 35%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 13%

“შიდა კვლევები კეთდება იმიტომ, რომ პარტიამ საარჩევნო კამპანია სწორად დაგეგმოს. ცოტა ხნის წინ ჩატარდა ერთი, ახლა მეორედ ჩატარდა, ჯერ ანალიზიც არ არის გაკეთებული ბოლომდე. კიდევ მიმდინარეობს ახალი კვლევა დიდი მასშტაბით. ეს უფრო სერიოზული კვლევა იქნება, რომელიც ძალიან ბევრ მონაცემს მოიცავს. ამის მიხედვით კორექტირება მოხდება და უფრო სკრუპულოზურად დაიგეგმება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა. არ ვაპირებდით ამ შიგა კვლევების გასაჯაროებას და ამას ჰქონდა მიზეზი – შიგა კვლევა იწვევს ეჭვს, რადგან პარტიის შეკვეთილია და იტყვიან, რომ დამკვეთი აპრიორი თავისთვის კარგს დაიწერს. ეს ასე არ არის. წინა კვლევის შედეგებში, ერთი თვის წინ, ქართული ოცნების რეიტინგი იყო 30%-მდე, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – 15%-მდე. ახლა ენმ-ს რეიტინგია 13%-მდე, ქართული ოცნების კი, 35%-მდე. ასეთი სხვაობაა. ეს არის რეალობა.

ამას სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებენ. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა ქართული ოცნების ლიდერის რეიტინგი. ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობააა. 42% თუ არის კვირიკაშვილის, სადღაც 21%-ია ბაქრაძის რეიტინგი” – განაცხადა ბიგვავამ.

კომენტარის დატოვება