გია ვოლსკი – სააკაშვილი უკვე მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზიციურ სპექტრს

სააკაშვილი უკვე მეთექვსმეტედ, თუ მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში – ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს, მათ შორის, „ნაცმოძრაობას”, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნების დაანონსებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” მისგან მტრის ხატის შექმნას არ ცდილობს, თუმცა, სააკაშვილი არის დესტრუქციის სიმბოლო.

„ის არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ფიგურა, ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს რევოლუციური სცენარის განვითარებას და ადამიანებს არ აქვთ ამ რევოლუციური სცენარის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გამოა გასამართლებული. რეალურად, ის არის დესტრუქციის სიმბოლო, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ჩრდილს აყენებს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებიც დაქვემდებარებულები არიან „ნაცმოძრაობის“ დიქტატს. მათი ლიდერები როცა სხვა ლიდერებს აბუჩად აგდებით და დამამცირებელი ტერმინებით ესაუბრებიან, ეს არის მხოლოდ მცირე ინდიკატორი იმისა, თუ ვინ განაპირობებს დესტრუქციულ პროცესებს.

მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში თანმიმდევრულობა არ გააჩნია სააკაშვილს, იგი თანმიმდევრულად, უკვე მეთექვსმეტედ, თუ მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ მოძრაობას. ძალიან ძნელია გარე შემფასებლად დავაყენო თავი, მაგრამ თუკი პოლიტიკური პლატფორმიდან არ ვიტყვი, მე ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს მათ შორის, „ნაცმოძრაობას”,- განაცხადა ვოლსკიმ.