26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.

შუკაკიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე უარი მხოლოდ იმიტომ განუცხადეს, რომ საქმეში ბევრი უზუსტობაა, რის გამოც პროკურატურა ცდილობს ადვოკატი საქმის მასალებს არ გაეცნოს.

“პროკურატურამ უარი განგვიცხადა ორივე ინსტანციაში, რომ დაზარალებულად ვეცნეთ ბესიკ თორდუას გარდაცვალების საქმეზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ,რომ ბესიკ თორდუა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოკლეს, რასაც მალავს თვითონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ამ ყველაფერს ხელს უწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და პროკურატურა. მაქსიმალურად ცდილობენ, საქმეში არ ჩავიხედო და არ გამოვამჟღავნო მათი დანაშაულებივი ქმედებები. სწორედ ამიტომ უარს გვეუბნებიან, რომ დაზარალბულად გვცნონ მხარეები და საქმეში ამ ფორმით ჩავერთოთ. მოვითხოვ სასამართლოს მეშვეობით, პროკრატურას დაავალოს დაზარალებულად გვცნონ აღნიშნულ საქმეში. პროკურატურას ვალდებულებაა საქმეში ჩაგვრთონ დაზარალებულის სტატუსით, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობენ, არ ჩავერთოთ საქმეში, ვინაიდან ბევრი უზუსტობა აღმოჩნდება ჩვენი ჩართვის შემდეგ. უნდობლობას ვუცხადებ პროკუტურასაც, სასჯელაღსრულებასაც და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც, რადგან არაერთი გამოცდილება მაქვს, სადაც სახელმწიფო ცდილობს დაფაროს მკვლელობის საქმე. აქედან გამომდინარე, ესეც ანალოგიური საქმეა. სახელმწიფოს მიერ წახალისებულია, რაც დღეს სახეზე გვაქვს – უცხოელებსაც კლავენ , ჟურნალისტებაც კლავენ და ფაქტობრივად სახელმწიფო რეაგირების გარეშეა და წახალისებულია სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედებები “, – აცხადებს შუკაკიძე.

ცნობისთვის, ბესიკ თორდუა მიმდინარე წლის 14 ივნისს, პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანის შემდეგ, სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის ნათესავს, მურატ მეირბეკოვს. ის გარდაცვლილი ქალის დედის საჩივრის საფუძველზე ყაზახეთში დააკავეს, თუმცა, ყაზახეთის პროკურატურის მიერ დაკავებულს ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი.