ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა უწყვეტად საუბრობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, ისე იქცევა, რომ გაწევრიანება არ მოხდება

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, თუ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოსი ეშინია, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის. ამის შესახებ ტომას ჰენდრიკ ილვესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

როგორც ილვესი აღნიშნავს, როცა ხელისუფლება ევროპული საბჭოს შუამავლობით დადებული ხელშეკრულებიდან გადის, ეს სანდოობაზე მოქმედებს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უწყვეტად საუბრობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, ისე იქცევა, რომ ამ კავშირებში გაწევრიანება არ მოხდება.

„ვფიქრობ, პრობლემის სათავე იმაშია, რომ აცხადებ, გსურს ტრანსატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება და შემდეგ უარს ამბობ შეთანხმებაზე, რომელიც ევროპული საბჭოს შუამავლობით დაიდო. ეს შენს სანდოობას არაფერს მატებს – ძალიან მსუბუქად რომ ვთქვა. მე ის მაწუხებს, რომ იკვეთება უფრო დიდი ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უწყვეტად საუბრობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, მეორეს მხრივ ისე იქცევა, რომ ამ კავშირებში გაწევრიანება არ მოხდება.

ერთი: ცუდია ის, რომ შეთანხმება გაუქმდა, მეორე – თავის იმით მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერი კარგად არ მიდის. მესამე ფაქტორი კი ის არის, რომ არსებობს რაღაც უცნაური რწმენა, რომ ამ ნაბიჯებს გავლენა არ ექნება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ ყველაფერს დამოკიდებულებაზე გავლენა აქვს,”-  აცხადებს ჰენდრიკ ილვესი.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა თითქოს სტაბილურად ცდილობს გააქროს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარი შანსები.