რატი ბრეგაძე – დღეს ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია – მაგალითად, გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო

დღეს ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია, 2012 წლამდე ჩვენს ციხეებში არსებული მდგომარეობა იხილა მთელმა მსოფლიომ. მას შემდეგ გატარდა ძალიან ბევრი რეფორმა – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება რუსთავის დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს, პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გადაცვლილის ოჯახს. მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს ნეიტრალური ინსტიტუტი – სახელმწიფო ინსპექტორი და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად იქნება დადგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა დამნაშავე იქნება სათანადო წესით დასჯილი. თუკი ვინმე არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში, პირველ რიგში, ეს ვართ ჩვენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრი ასევე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ციხეებში არსებული მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა.

„2012 წლამდე ჩვენს ციხეებში არსებული მდგომარეობა იხილა მთელმა მსოფლიომ. მას შემდეგ გატარდა ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ციხეში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მაგალითად, გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს ადამიანები არიან დასაქმებული და აქვთ შემოსავალი. მათ მოჰყავთ ჟოლო, რომლის შეძენაც სხვადასხვა მაღაზიაში არის შესაძლებელი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.