თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევებზე: 3000 ადამიანი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აცრებზე 3000-მდე ადამიანის გამოუცხადებლობის ფაქტზე ისაუბრა. „ქრონიკის“ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ყოფილიყო ჯგუფურად ორგანიზებული ქმედება ვაქცინაციის ჩაგდების მიზნით, გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, რადგან 3 000 ძალიან დიდი რიცხვია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს.

„ჩვენ უახლოეს დღეებშიც დავაკვირდებით იმას, თუ როგორი იქნება გამოუცხადებლობის მაჩვენებელი, შემდეგ კი ამ ფაქტს ჩაღრმავებულად შევისწავლით. რაც უფრო წინ წავა და გაიშლება ვაქცინაცია, მით უფრო მეტად აქტიური იქნება ანტივაქსერული მოძრაობა. ყველა ვაკვირდებით სოციალურ ქსელებში, როგორი განცხადებები კეთდება. პირდაპირ დაფიქსირდა მოწოდება დარეგისტრირებისა და შემდეგ ვაქცინაციის ჩაგდებისკენ. სხვა ადამიანებისთვის ხელის შეშლა იმაში, რომ მათ დროულად მიიღონ სასურველი ვაქცინა, ეს დანაშაულის ტოლფასია. ბუნებრივია, ჩვენც შესაბამისი რეაგირება გვექნება და საჭიროების შემთხვევაში სხვა უწყებებსაც ვთხოვთ დახმარებას“, – აცხადებს თამარ გაბუნია.