ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. ყოფილი გამომძიებელი ციხიდან რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა.

,,მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება, საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო საბჭოს გადაწყვეტილება.კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა ჩოლოიანი. კანონით გათვალისწინებულია ეს კრიტერიუმები, მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა და საყვედური არ უნდა ქონდეს, არ უნდა არღვევდეს შინაგანაწესს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოხდეს რაიმე პოზიციის შეჯერებას დაზარალებულ მხარესთან”, – განაცხადა  ჩოლოიანის ადვოკატმა.

მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.