რუსებმა თქვეს, რომ სააკაშვილის ფაქტორია ბოლო დაბრკოლება იმისათვის, რომ საქართველო საბოლოოდ გავასწოროთ მიწასთან – ახლოს ვართ ქართული სახელმწიფოს გაქრობასთან – მიხეილ სააკაშვილი

ხალხი მე კი არ მიჭერს მხარს, მხარს უჭერს სიღარიბიდან, უბედურებიდან, უპერსპექტივობიდან, უსამართლობიდან გამოსავალს და ამ ყველაფერს აიგივებს ჩემს ფაქტორს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მან ასევე რუსეთის პროექტად მოიხსენია ბურჯანაძე, გახარია, ინაშვილი, ვასაძე და აღნიშნა, რომ მათთან ერთად პარალელურად ყოველთვის იყო ბიძინა ივანიშვილი.

,,შეგიძლიათ ნახოთ რას ამბობს ჩვეულებრივი ხალხი, არა პოლიტიკოსები, ამას გამოკითხვებიც ადასტურებს – მე ვგრძნობ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, მე ვგრძნობ ჩვენი ხალხის გაჭირვებას. ისინი მე კი არ მიჭერენ მხარს, მხარს უჭერენ სიღარიბიდან, უბედურებიდან, უპერსპექტივობიდან, უსამართლობიდან გამოსავალს და ამ ყველაფერს აიგივებენ ჩემს ფაქტორს. ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან და რუსებმა თქვეს, რომ სააკაშვილის ფაქტორია ბოლო დაბრკოლება იმისათვის, რომ საქართველო საბოლოოდ გავასწოროთ მიწასთან, საბოლოოდ ჩავიგდოთ ხელში. ეს არ იწვევს ეჭვს.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 2 მილიარდი დოლარი მისცეს ივანიშვილს 2012 წელს საარჩევნო კამპანიაში, ძალიან კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა პროექტს ქმნიან მთელი ეს პერიოდი, დაწყებული ბურჯანაძიდან, ასევე ირმა ინაშვილი, ვასაძე, გახარია. ამ ყველაფრის პარალელურად ყოველთვის ყავდათ ივანიშვილი. გარდა ამისა, აქტიურად აპირისპირებენ ხალხს რელიგიურ ნიადაგზე, ავრცელებენ დეზინფორმაციას. საქართველოში დაუსჯელად მოქმედებს რუსეთის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც აკრძალულია მაგალითად უკრაინაში. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ქართული სახელმწიფოს გაქრობასთან. სწორედ ეს არის რუსეთის ამოცანა, ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.