ხატია დეკანოიძე – რუსეთისთვის ყველაზე მთავარი მოკავშირე საქართველოში „ქართული ოცნებაა“

როდესაც ხელისუფლება ფარავს ორგანიზებულ ძალადობას და ამ ძალადობაში პრორუსული, დუგინისეული ჯგუფების მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მთავარ საყრდენად რუსეთი განიხილავს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც კრემლი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.

დეკანოიძის შეფასებით, აგვისტოში კრემლისგან მსგავსი განცხადების გაკეთება სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.

„ეს არის სიმბოლური, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს მსგავს განცხადებას. თან როდესაც ეს განცხადება არის იმ თარიღთან, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გულთან ძალიან ახლოსაა. ეს არის თარიღი, როდესაც ჩვენმა ჯარმა დაიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა. პირველი, რაც მე ამ გზავნილში ვნახე და ნახა თითოეულმა მოქალაქემ არის ის, რომ ყველაზე მთავარი მოკავშირე რუსეთისთვის საქართველოში ეს არის საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 5 ივლისის შემდეგ გაკეთებული განცხადება, როდესაც ისინი პირდაპირ ფრენების აღდგენის მოთხოვნებზე საუბრობდნენ. ამიტომ, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ფარავს ორგანიზებულ ძალადობას და ამ ძალადობაში პრორუსული, დუგინისეული ჯგუფების მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მთავარ საყრდენად რუსეთის ჰიბრიდული ომი განიხილავს ხელისუფლებას, ამიტომ ოქტომბერში ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ეს უნდა იყოს ჩვენი ვალი, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ დამოუკიდებელი და არა კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებით, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.