ეკატერინე ტიკარაძე, კელი დეგნანი და თამარ გაბუნია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში პფიზერ-ით იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში პფიზერ-ით იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ჯანდაცვის სამინისტრო სულ უფრო და უფრო აფართოებს იმ ლოკაციებს, სადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის Pფიზერ-ის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. მთლიანად საქართველოში არის საკმაოდ რთული ვითარება ეპიდვითარების კუთხით და მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცნობს ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მოსახლეობას,“ – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც. დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტაბებმა საქართველოს გადმოსცა ცოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის Pფიზერ-ის 500 000 დოზა. ახლა ახალციხეში ვიმყოფები ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და ვესწრები ამ ვაქცინის ადმინისტრირებას, გადანაწილებას რეგიონში. თავად პროცესი აღნიშნულ ადგილას ძალიან ორგანიზებულია და მე ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია მოსული, რათა გაიკეთოს აცრა. ეს არის საჩუქარი ამერიკელი ხალხისგან საქართველოსთვის. აცრა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა სიცოცხლე. ეს ვაქცინა არის ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტური,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.