დავით ბაქრაძე: ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, კვლავ რუსული აგრესიის პირისპირ დგანან – ახლა დროა, აშშ-მა კიდევ უფრო მეტი გააკეთოს

„ბოლოდროინდელი რუსული კიბერშეტევები აშშ-ის წინააღმდეგ აშკარა შეხსენებაა ამერიკელებისთვის, რომ აგრესიული პროვოკაციები არის ვლადიმერ პუტინის სცენარის განუყოფელი კომპონენტი, რომელიც შექმნილია მძიმე ზიანის მისაყენებლად“, – ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე News Week-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრიბს.

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს,  საქართველოს გარდა, რუსეთი უკრაინაშიც აგრძელებს დაუნდობელ აგრესიას, იყენებს თავის სამხედროებს, როგორც პუტინის ძალაუფლების ხისტ ინსტრუმენტს.

„ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოდან ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალებს. 13 წლის წინ, აგვისტოში, რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და აღარ წასულა. გრძელდება ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20% არალეგალური რუსული ოკუპაცია. შეერთებულ შტატებისა და საქართველოს მიწების პროპორციული შედარებისას, ეს იქნებოდა შეერთებული შტატების მთლიანი აღმოსავლეთის სანაპიროების ოკუპაცია და შუადასავლეთის ნაწილები. საბედნიეროდ, ვაშინგტონი და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ჩვენს მტკიცე მხარდამჭერებად რჩებიან რუსეთის შემოჭრის შემდეგ. აშშ-ის პოლიტიკის მიზნები დიდსულოვანი და მნიშვნელოვანია, თუმცა, რადგანაც ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, კვლავ დგანან რუსული აგრესიის პირისპირ, ახლა დროა, აშშ-მა კიდევ უფრო მეტი გააკეთოს“, – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

დიპლომატი ავღანეთსა და ერაყში, საერთაშორისო მისიებში, ქართველი სამხედროების მონაწილეობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ, ამერიკელ სამხედროების მხარდამხარ ბრძოლისას, უკვე 30-ზე მეტმა ქართველმა გაიღო საკუთარი სიცოცხლე.

ამასთან, ბაქრაძე აცხადებს, რომ  აშშ-ის თანადგომას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ამის მაგალითად ამერიკის მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ ნახევარ მილიონ დოზა ვაქცინას ასახელებს.

„მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს წამებას. რუსეთის მთავრობა ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე, რათა გადაიბიროს მძიმე წნეხის ქვეშ მცხოვრები მოქალაქეები, უარი თქვან საკუთარ მოქალაქეობასა და ენაზე, წაშალონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და გადაწერონ ისტორია“, – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.