გიორგი სიორიძე – სამი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთიშვა საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესიდან უკიდურესად დამაზიანებელია

მინდა განვაცხადო, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, რომ ეს იქნება უკიდურესად დამაზიანებელი პროცესისთვის, ვინაიდან ისეთი ავტორიტეტული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთიშვა ამ პროცესიდან, ნამდვილად ვერ წაადგება იმ პროცესსა და მიზანს, რომელიც ჰქონდა ამ საკანონმდებლო რეგულაციას, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მაოდგილემ, გიორგი სიორიძემ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესის დატოვების შესახებ განაცხადა.

„საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შემადგენლობას, რომელიც შედგება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარმოდგენილი წევრებისაგან. როდესაც მიმდინარეობდა საარჩევნო რეფორმის შემუშავება, მაშინ ამ ჯგუფის შინაარსზე იყო ძალიან განსხვავებული მოსაზრებები, რომელიც იწყებოდა, ერთის მხრივ, უწყებათაშორისი კომისიის გაუქმებისა და ამ ჯგუფით ჩანაცვლების მოდელიდან და დამთავრებული იმ მოდელამდე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. გამომდინარე იქედან, რომ 19 აპრილის შეთანხმება ზოგადად ითვალისწინებდა ასეთი ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას. ვინაიდან, კანონმდებელმა აირჩია ე.წ. მინიმალისტური მოდელი და ამ ჯგუფს ამოცანებად განესაზღვრა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის სარეკომენდაციო ხასიათის დირექტივების და შესაბამისი დოკუმენტის მიცემა, შეიქმნა უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამუშაო ჯგუფი, სადაც მოწვეულნი იყვნენ ის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკონსულტაციო ჯგუფს დააკომპლექტებდნენ. სამწუხაროდ, ისეთმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორიც არის საია, უარი განაცხადა ამ ჯგუფში მონაწილეობაზე და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველ შეხვედრაზე ესწრებოდნენ წარმომადგენლები, დღეს გავრცელდა განცხადება, რომ „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლებიც უარს ამბობენ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე. მინდა განვაცხადო, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, რომ ეს იქნება უკიდურესად დამაზიანებელი პროცესისთვის, ვინაიდან ისეთი ავტორიტეტული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთიშვა ამ პროცესიდან, ნამდვილად ვერ წაადგება იმ პროცესსა და მიზანს, რომელიც ჰქონდა ამ საკანონმდებლო რეგულაციას. მე მინდა ვთხოვო ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ იქნება შესაძლებლი, რომ პროცესი შემოვაბრუნოთ, მოვიდნენ და დასხდნენ ჩვენთან ერთად. სხვა შემთხვევაში, მე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ამ მიმართულებით პროცესი იქნება სამწუხაროდ დისკრედიტირებული“, – განაცხადა სიორიძემ..