ეკატერინე ტიკარაძე – იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე და ინფიცირებულთა რაოდენობა არ დაიკლებს, პაციენტების მიღება საკმაოდ რთული იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მომავალ კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც მოხდება არსებული რეკომენდაციების ანალიზი.

„მომავალ კვირას შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო. ამ კვირაში იმ არსებული, მიღებული რეკომენდაციების ანალიზს გავაკეთებთ და შესაბამისი დასკვნებით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, თუ რა იქნება გონივრული, რომ შემდეგ რეგულაციებად შემოვიღოთ. დღეს არის ოთხშაბათი, შესაბამისად, შედარებით ნაადრევია საუბარი, რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში და ჩამოვყალიბდებით, რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის წერილობითი ფორმით საბჭოს მივაწვდით განხილვისთვის. რაც შეეხება იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არის მეტად უფრო სიმკაცრის მომთხოვნი, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ვინაიდან ეს არის ასევე ჩვენი ვალდებულება, რომ საკოორდინაციო საბჭო ჩავაყენოთ საქმის კურსში, რა არის ჩვენი ხედვა და მოლოდინები ამასთან მიმართებაში და მსჯელობის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორში მთავარი რესურსი არის პაციენტების ინტენსიური ბრუნვა და საწოლფონდის სწორი მართვა.

„სწორედ ამასთან მიმართებაში, ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვექნება უკვე კლინიკებში ადგილზე. იმ მაგალითით, როგორც დღეს გვქონდა არსებულ კლინიკაში. ვაკვირდებით, რა არის საწოლბრუნვის მაჩვენებელი კლინიკებში და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ეს კომპონენტი. თქვენ იცით, რომ ჩვენი სტაციონარიზაციის პროცენტი, რაც წინა პერიოდში საკმაოდ მაღალი იყო, დღესდღეობით არის 13%-მდე და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ არც ერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ. თუმცა, ის პაციენტები, რომლებიც შესაძლოა, დროზე ადრე გაეწერონ და გადაიყვანონ კლინიკურ სასტუმროებში, მნიშვნელოვანია, მათ გადაყვანაც დროულად მოხდეს.

თითოეულ დღეს ინფიცირებულთა 13% ხვდება სტაციონარში, რაც არ არის რთული დასათვლელი. მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის მატებასთან ერთად, გამოჯანმრთელებულების რიცხვი იზრდება და გარკვეულ პერიოდში, ეს არის ალბათ ერთკვირიანი პერიოდი, როდესაც იქნება უკვე საკმაოდ რთული პაციენტების მიღება, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით კლებისკენ წასვლა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ერთი კვირის წინ ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს 80 ოჯახის ექიმი დაემატა და აღნიშნა, რომ უწყება მუშაობს, რათა ონლაინკლინიკა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

„გუშინაც აღვნიშნე, რომ ერთი კვირის წინ დავამატეთ 80 ოჯახის ექიმი. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ონლაინკლინიკა კიდევ უფრო გაფართოებული იყოს. რაც შეეხება „112“-ს, ეს არ არის ჩემი უწყება, თუმცა, რა თქმა უნდა, კოლეგა მინისტრთან მქონდა საუბარი და ისინიც აკეთებენ პერსონალის მობილიზებას. ამასთან მიმართებაში, მე მაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 100 პირი არის დაკონტრაქტებული, რომელთაგან 70 პირი უკვე ჩართულია ქსელში, რათა მოხდეს ზარების განტვირთვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.