თეა ახვლედიანი – შინდისში დაიწერა ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვის, მტერთან შეუპოვარი ბრძოლის, გამორჩეული გმირობის ისტორია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შინდისში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შინდისში დაიწერა ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვის, მტერთან შეუპოვარი ბრძოლის, გამორჩეული გმირობის ისტორია.

მისივე თქმით, შინდისის გმირების თავდადება თითეულ ქართველს ავალდებულებს, რომ მაქსიმალურად და ყოველთვის დაიცვას მშვიდობა.

„აქ, სწორედ ამ ადგილას საქართველოს ღირსების დასაცავად, ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვის, მტერთან შეუპოვარი ბრძოლის, გამორჩეული გმირობის ისტორია დაიწერა. აქ დაიბადა შინდისის გმირები და უკვდავყოფილია მათი სახელები. ჩვენ დავკარგეთ 17 ახალგაზრდა ვაჟკაცის სიცოცხლე, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ცოცხლად გადარჩენილი გმირებიც და მე ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნისთვის მათი თავდადების წინაშე. ეს აუცილებლად გვავალდებულებს თითოეულ ჩვენგანს, რომ მაქსიმალურად და ყოველთვის დავიცვათ მშვიდობა. მშვიდობით დავიცვათ ჩვენი ხალხი და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. მე პატივს მივაგებ შიდისის გმირების ხსოვნას, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, რომელთა გვერდით დგომა არის უაღრესად მძიმე, მაგრამ ამავდროულად საპატიო და საამაყო“, – განაცხადა ახვლედიანმა.